კარიესი – ეს არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომლითაც დაავადებულია მოსახლეობის დაახლოებით 95%. ის შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი სხვადასხვა ფაქტორით.
კარიესის მიზეზად ითვლება კბილის მაგარ ქსოვილებზე არსებული მიკროორგანიზმები და მათი ცხოველქმედების პროდუქტები. ადამიანის პირის ღრუში არის ძალიან დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმი, რომლებიც ძალიან სწრაფად მრავლდებიან. კბილების საგულდაგულოდ გამოხეხვის მიუხედავადაც კი, 2–4 საათში მათმა რაოდენობამ შეიძლება მილიონს მიაღწიოს. არსებობს კარიესის ხელშემწყობი პირობები, ესენია:
მემკვიდრული წინასწარგანწყობა
კვების ხასიათი – კერძოდ მიკროელემენტების, ცილებისა და ვიტამინების დეფიციტი
კუჭ-ნაწლავის დაავადებები
შაქრიანი დიაბეტი
დაბალი იმუნიტეტი
ლაქის სტადია –ეს არის კარიესის განვითარების ადრეული სტადია. კბილის მინანქარზე ჩნდება თეთრი ან პიგმენტური ლაქა. ამ დროს მინანქარში მცირდება კალციუმის, ფტორის, ფოსფორისა და სხვა მიკროელემენტების შემცველობა. მინანქარი კარგავს ერთფეროვნებასა და ბზინვარებას, შემდეგ კი რბილდება.
ზედაპირული კარიესი - ამ დროს დესტრუქციული პროცესები მიმდინარეობს მხოლოდ მინანქარში.
საშუალო კარიესი - ამ შემთხვევაში პათოლოგიური პროცესი სცილდება მინანქარ–დენტინის საზღვარს, თუმცა ფესვამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილი აშორებს.
ღრმა კარიესი - ასეთ დროს ფესვამდე დარჩენილია კბილის საღი ქსოვილის ძალიან თხელი ფენა.
თუ კარიესს დროულად არ ვუმკურნალებთ, კარიესი შეიძლება გართულდეს, რაც გამოიხატება პულპიტითა(ნერვის ანთება) და/ან პერიოდონტიტით(ფესვის ირგვლივი ქსოვილების ანთება), რაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, კბილის დაკარგვის მიზეზი გახდეს.